6-08-2026
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში- ,,საქართველოს დაბადება", აფხაზეთის ომზე და ტყვეთა გაცვლის პროცესზე მსჯელობისას განცხადა, რომ ქართველი მებრძოლები ხვრეტდნენ ტყვეებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც „რუსული დისციპლინით" გამოირჩეოდა, ქართველ მებრძოლებს ატყვევებდა“ - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემოსული ვეტერანთა და სხვა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ ადამიანთა საპროტესტო მომართვების გათვალისწინებით, სამსახურს სურს, გამოეხმაუროს გიორგი ბარამიძის აღნიშნულ განცხადებას:
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, 1991-1993 წლებში, საქართველოს მოუწია თავდაცვითი ომის წარმოება ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში, საქართველოს ახლად ფორმირებული, თუმცა, პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი საბრძოლო მოტივაციით გამორჩეული სახელისუფლებო შეიარაღებული ძალები, მათ შორის, მოხალისეები, განსაკუთრებული თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ და დღემდე შემორჩენილია მათი გმირობის არაერთი მაგალითი. საყოველთაოდაა, ასევე, ცნობილი ის არაერთი, მძიმე დანაშაული, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.
გიორგი ბარამიძეს გვსურს, შევახსენოთ სეპარატისტების მხრიდან, ტყვეებისადმი მოპყრობის უსაშინელესი ფაქტი_1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა, დაქირავებულმა მებრძოლებმა, დახვრიტეს მთავრობის შენობიდან, თეთრი დროშით გამოსული, უიარაღო ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები; (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები). საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, სეპარატისტების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტები ქალაქ გაგრის აღების დროს.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. აქვე დავძენთ, რომ გიორგი ბარამიძეს, წარსულში არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მსგავსი განცხადების გაკეთებისას, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი ეკისრება, ვიდრე რიგით მოქალაქეს.
ვინაიდან აღნიშნული ბრალდებები არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ჩნდება ვარაუდი, რომ გიორგი ბარამიძე, შესაძლოა, განზრახ ავრცელებდეს მისთვის წინასწარ ცნობილ, მცდარ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად.
ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“ - აცხადებენ უწყებაში.