12-08-2026
რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში შემოვიდა Jan De Nul-ის ჯგუფის ფლოტის დამაღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელმაც საკანონმდებლო პროცედურების გავლის შემდგომ უშუალო სამუშაოები დაიწყო, - განაცხადა კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
როგორც ზურაბ სიჭინავა აცხადებს, მალე სამუშაოებს შემოუერთდება Jan De Nul-ის მეორე გემიც, რომელსაც დაახლოებით ორჯერ დიდი შესაძლებლობები ექნება.
„Tristao Da Cunha ახორციელებს ტალღმტეხების ძირში ნიადაგის გაუმჯობესების შესაბამის დაღრმავების პროცედურებს. ეს არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე, ხმელეთის მხრიდან 3 მეტრამდე დაღრმავება, სადაც მოხდება ნიადაგის გაუმჯობესება, ქვიშის ღორღით ჩანაცვლება. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება, რის შემდგომაც გადაინაცვლებს აკვატორიის დასაღრმავებლად. ამ მიზნის მისაღწევად, აგვისტოს ბოლოს მას შეუერთდება დაახლოებით ორჯერ დიდი შესაძლებლობის მქონე გემი, რომელიც ასევე Jan De Nul-ის ფლოტის წევრია. Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, რომლებიც ერთად დაიწყებენ აკვატორიის და შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოებს. შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი", - აცხადებს ზურაბ სიჭინავა
მისივე თქმით, ტალღმტეხელი სიგრძეში სულ 1376 მეტრი იქნება, საიდანაც 300 მეტრი არის ხმელეთზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი იჭრება ზღვაში - 1 კილომეტრამდე.
„ტალღმტეხელი და შესაბამისად, დაღრმავებული აკვატორია უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომის, 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობას. ასევე, ის სრულად თავსებადია შემდგომ ფაზებთან და იძლევა მშრალი ნაყარი ტვირთებისთვის დამატებით 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობის შესაძლებლობას"- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.