გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

12-08-2026

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელმა გემმა Tristao Da Cunha ტალღმტეხის არხის მოსაწყობად ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორი ზურაბ სიჭინავა გაეცნენ.


პირველ ეტაპზე გემი ტალღმტეხის გასწვრივ, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს დაახლოებით 3 მეტრით დააღრმავებს. აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პორტის აკვატორიის ძირითადი ფსკერდაღრმავება დაიწყება.


აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა. ორი გემი ერთობლივად განახორციელებს შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხების დაღრმავებას. პროექტის ფარგლებში პორტის საპროექტო სიღრმე დაახლოებით 17.5 მეტრს მიაღწევს, ხოლო ტალღმტეხის სიგრძე 1,376 მეტრი იქნება.


აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს შავ ზღვაში ოპერირებადი დიდი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების, მათ შორის Panamax და Post-Panamax კლასის გემების, უსაფრთხო მიღებას. ტალღმტეხი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს დაახლოებით 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის დაახლოებით 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.


პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა ხმელეთიდან. მოწყობილია მისი საწყისი, დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ლენდლორდის მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს.


ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, აძლიერებს მის როლს საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს.