გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

27-08-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდამრღვევმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარე თერგის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 1000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.


სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 15 950 ლარი შეადგინა.


გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მდინარის ეკოსისტემას. მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის ჭარბმა და უკანონო მოპოვება შესაძლოა გამოიწვიოს კალაპოტის დეფორმირება, ნაპირების ჩამოშლა და ნიადაგის ეროზია, ასევე გაზარდოს დასახლებული პუნქტების დატბორვისა და ტერიტორიების წარეცხვის რისკი.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.


სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უწყება ოპერატიულად რეაგირებს, მათ შორის, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე.