31-08-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
გორში გამართულ ღონისძიებაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტატო ირემაძემ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს საქმიანობის, სპეციფიკისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბანაკის მონაწილეებმა ინტერესი უმეტესად უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ფუნქცია-მოვალეობების, წლების განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევების, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების უკანონო მოპოვების სტატისტიკის შესახებ გამოხატეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიურ როლს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციაში.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან.. ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, რაზედაც ამომწურავი პასუხები მივიღეთ. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი კონტროლი არის ძალიან ძლიერი და წლიდან წლამდე სამართალდარღვევები მცირდება. ამაში კი, ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა“, - განაცხადა თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილე ანასტასია გუმბერიძემ.
ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრების ჩატარების მიზანი მომავალ თაობაში ეკო-ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდაა.