გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

1-09-2026

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.


დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.


ორივე სემესტრის დაფინანსება ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე გაიცემა. გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მოსაპოვებლად, 2027 წელს ახალი განცხადებები აღარ მიიღება.


წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, იგი გამოასწოროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


პროგრამა არ ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სრულად ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.


2026-2027 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება, ორივე სემესტრში ჯამში, შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს (თითოეულ სემესტრში - არაუმეტეს 562.50 ლარს).


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:


Ø სტუდენტის პირადობის მოწმობა;

Ø სტუდენტის დაბადების მოწმობა;

Ø ვეტერანის მოწმობა;

Ø ვეტერანის პირადობის მოწმობა.


განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.


ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, სამსახურის დირექტორის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა 2023 წლიდან მოქმედებს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, დაფინანსდა პროგრამის ბენეფიციართა 9 000-მდე მოთხოვნა.