7-09-2026
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა. ბანაკის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვითი მიმართულებების შესახებ თეორიული ცოდნა მიიღეს და სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში ჩაერთნენ.
ახალგაზრდები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, კატასტროფების რისკის შემცირების, საფრთხეების შეფასებისა და რისკების განსაზღვრის საკითხებს.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და დაკვირვების სისტემების შესახებ, რომლებიც ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების მიზნით გამოიყენება.
მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი მიმართულებებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, მონაწილეებს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმაროს და დააინტერესოს იმ სფეროებით, სადაც დღეს და მომავალში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მაღალია.
ბანაკის დასასრულს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„მწვანე ბანაკი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა არ არის - ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ გარემოსდაცვით საკითხებზე ფიქრსა და პასუხისმგებლობის გააზრებას ასწავლის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დიდი ინტერესი და ჩართულობა. მათ შეისწავლეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, გაეცნენ ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება. გვჯერა, რომ ბანაკში მიღებულ ცოდნას ისინი საკუთარ გარემოში გაავრცელებენ და თავადაც გახდებიან ცვლილებების ინიციატორები. სწორედ ასეთი ახალგაზრდების გაძლიერებაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, - აღნიშნა თამთა დევდარიანმა.
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.