9-09-2026
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2026 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში 10 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. პროექტების შედეგად გაუმჯობესდება სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ფერმერებისთვის წყლის მიწოდების შესაძლებლობები.
ქარელის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 5 333 558 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 066 899 ლარზე მეტი ღირებულების ორი პროექტი - შაქშაქეთის დიუკერის ავარიული წყალგამშვები ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ხიდის მოწყობა.
ამასთან, დაგეგმილია მდინარე მტკვრიდან სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის წყალაღების უზრუნველყოფის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 100 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 3 240 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
კაპიტალურ პროექტებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საექსპლუატაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. გაიწმინდა და მოწესრიგდა 115 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 5 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო სხვადასხვა ტიპის 84 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიცვალა ან შეკეთდა.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს რეგიონში ჯამში 21 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად წყალუზრუნველყოფა 13 600 ჰექტარზე გაუმჯობესდება. რეგიონში უკვე დასრულებულია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 პროექტი, ხოლო დაგეგმილია კიდევ 2 პროექტის განხორციელება.
ამასთან, საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გაიწმინდა და მოწესრიგდა 278 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 18 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო სხვადასხვა ტიპის 294 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეიცვალა ან შეკეთდა.