გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

10-09-2026

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.

კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა ფაბიო ქუაგლინომ, ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, ჯიღაურას ბაზაზე, ასევე თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების მონიტორინგი ჩაატარა.


მონიტორინგის შედეგად დაავადების სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეგროვდა. ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასა და მილანის უნივერსიტეტში განხორციელდება. მათი შესწავლისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკისა და სიქვენსირების მეთოდები, რაც დაავადებების ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფიტოპლაზმების გენეტიკური მრავალფეროვნების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.


კვლევის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. მხარეებმა ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, მიღებული ნიმუშების შემდგომი კვლევისა და შედეგების ერთობლივი ანალიზის საკითხები განიხილეს.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მილანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.


პროფესორ ფაბიო ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების GY გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა და EPPO სტანდარტებით სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.