11-09-2026
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„გვაქვს ორი მიმდინარე პარალელური პროცესი, ეს გახლავთ ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე როგორც დაღრმავებითი სამუშაოები. პირველი გემის კვალდაკვალ, უკვე მივიღეთ მეორე გემი, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ასევე ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ტალღმტეხის სამშენებლო პროცესი და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.