11-09-2026
„ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად გლობალური თუ რეგიონული გამოწვევებისა, საქართველოს ავიასექტორი აქტიურად იზრდება და ვითარდება, რაზეც მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს.
„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ავიაციის სექტორს, მაგრამ მიუხედავად გამოწვევებისა, ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაციაში ჩვენ მაინც ვაგრძელებთ, გვქონდეს რეკორდული დინამიკა. მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დინამიკა მზარდია, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მზად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ავიაციის სექტორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, სადაც, მისი თქმით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმსხვილესი ინვესტიცია ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან - 240 მილიონი ლარის მოცულობის, რის ფარგლებშიც ჩვენ ვაშენებთ სრულიად ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რომელიც ამ ეტაპისთვის იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ამის კვალდაკვალ ჩვენ მიმდინარე წელს დავიწყებთ მზადებას სამგზავრო ტერმინალის გაფართოების პროექტზე. დღეს დაახლოებით 2.5 მილიონ მგზავრს ვმასპინძლობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ვფიქრობთ, რომ ალბათ, გავაორმაგებთ ამ გამტარობას, რადგან ვხედავთ - ძალიან მზარდია ტურისტული ნაკადები, ისევე როგორც მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში", - განაცხადა მინისტრმა.