14-09-2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
ასევე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი დაესწრნენ.