21-09-2026
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა.კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა.
კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო სკოლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის თქვენი არჩევანი ძალიან ფასეულია. გარწმუნებთ, თქვენი გადაწყვეტილება - მიიღოთ ხარისხიანი განათლება, გაიზიაროთ კადეტთა ლიცეუმის გამოცდილება - თქვენი წარმატებული მომავლის წინაპირობაა. ამ სკოლაში ჩაიდო ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის საქმიანობასა და მიმდინარე სიახლეებსაც გაეცნო.
სასწავლებელი ქუთაისში მოქმედი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მსგავსად, პანსიონის ტიპისაა. კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული ტიპის კომპლექსი, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები. სასწავლებელი დაკომპლექტებულია კვალიფიციური აკადემიური პერსონალით.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა 19 ჰექტარზეა განთავსებული და 330 კადეტზეა გათვლილი. კადეტები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, სამჯერადი კვებით, დაზღვევით, სასწავლო ნივთებით, სამხედრო და სპორტული ფორმებით, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარით. თავდაცვის სამინისტრო კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა სწავლას სრულად აფინანსებს.
სამხედრო საქმით დაინტერესებული მოზარდები სამხედრო სკოლაში შეისწავლიან სამხედრო ისტორიას, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ასევე ტოპოგრაფიასა და ნავიგაციას და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს.
2026 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მოსწავლეთა მიღება ორივე სკოლაში განახორციელა. ორივე სკოლაში, ჯამში, 321 მოსწავლე ჩაირიცხა.