23-09-2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა.
შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რომელიც სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებების შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს გააერთიანებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიაში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა, რომ 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული. საქართველოს მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა. აქცენტი გაკეთდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გაფართოების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო თბილისი-პეკინისა და თბილისი-კუანგჭოუს პირდაპირი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს. პირდაპირი საჰაერო კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა პეკინში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ ინიციატივას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ჩინეთის მზარდ ინტერესს შუა დერეფნის მიმართ, რაც დერეფნის გავლით ჩინეთთან დაკავშირებული ტვირთბრუნვის ზრდაშიც აისახება. 2025 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით ტვირთბრუნვა 20%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალი დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.
შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.