27-09-2026
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, მალხაზ ჩიხლაძესთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
''დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი. თარიღი, რომელიც დაკავშირებულია უდიდეს თავგანწირვასთან ბრძოლასთან, ტკივილთან, ცრემლთან.. დღეს მოვედით მემორიალთან და პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, კიდევ ერთხელ შეუნარჩუნეს ქვეყანას ნამუსი, სინდისი და მთელ ქვეყანას ამცნეს ის, რომ ჩვენ, ქართველები, ღირსნი ვართ, არა მარტო ჩვენ სამშობლოში, ბეჭგამართულად ყოფნისა, არამედ უნარი გვაქვს, მისთვის ბრძოლისა და თავგანწირვისა,''-განაცხადა კობა კობალაძემ.
ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დღეს, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი.
მოგვიანებით, კობა კობალაძე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, პატრიოტული სულისკვეთების კომპოზიციები წარმოადგინეს. სამსახურის დირექტორმა, მოსწავლეებთან და ვეტერანებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემული გმირების საფლავები ვარდებით შეამკო.
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.