6-10-2026
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ორგანიზებით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაცია გაიმართა.
ერთ-ერთ სემინარს - „ქართული ღვინის განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი მიღწევები საქართველოში“ იაპონელი ღვინის მაგისტრი, „Red Bridge“-ს დამფუძნებელი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
მეორე სემინარს - „ქართული ღვინის შეხამება საკვები კულტურისა და ლოგიკის მეშვეობით“ იაპონელი სომელიე მაიკა იამამოტო გაუძღვა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რომლებიც იაპონიის ბაზარზე იყიდება.
ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ქართული ღვინის წარდგენას 300-მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის ღვინის მოყვარულები, პროფესიონალები, სავაჭრო სფეროს, ჰორეკა სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავთენტურ, განსხვავებულ გემოებზე მოთხოვნა მზარდია. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.