6-10-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრ აკილ ტოქტობაევთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, პირისპირ შევხვდეთ თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის ფარგლებში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყირგიზეთთან ურთიერთობებს და მჯერა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. საქართველოსა და ყირგიზეთს ბევრი საერთო პრიორიტეტი აქვთ კლიმატის მდგრადობის, წყლის, სოფლის მეურნეობის, ტყეების, ნარჩენების მართვისა და მთის ეკოსისტემების სფეროებში. საქართველო მზად არის, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და სამრეწველო ემისიების მიმართულებით. მჯერა, რომ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის მინისტრმა აკილ ტოქტობაევმა საქართველოსთან მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.
„განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ საქართველოსთან გამოცდილების გაზიარებით კლიმატის დაფინანსების მოზიდვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტების მხარდაჭერით პროექტების განხორციელებისა და მწვანე ფინანსური მექანიზმების განვითარების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში. ჩვენს ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას“, - განაცხადა აკილ ტოქტობაევმა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს კლიმატის დაფინანსების, წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, მთის ეკოსისტემების, ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რეგიონული დიალოგის შემდეგ, შესაბამისმა უწყებებმა განსაზღვრონ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკრეტული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაზე იმუშაონ.