17-10-2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პურის ფესტივალში მონაწილეობს, რომელიც 17–18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმართება.
ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილია აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ხორბლის პოპულარიზაციასა და მისი ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„პურის ფესტივალი არის ადგილი, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების და პურის ცხობის ტრადიციების წარმოჩენა, ამ კულტურასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და საზოგადოების ინტერესის გაზრდა ხდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წლებია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიების, შესწავლის, დაცვის და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელების მიმართულებით.
ქართული ხორბლის საერთაშორისო აღიარება და მისი გამორჩეული გემოვნური თუ სხვა მახასიათებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება დამატებითი მოტივაციაა ფერმერებისთვის, გაზარდონ ადგილობრივი ჯიშების წილი წარმოებაში“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
"პურის ფესტივალს", რომელმაც საზოგადოებრივი ჩართულობის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში Acanthus Prize-ის ოქროს ჯილდო მოიპოვა, ბოტანიკური ბაღი მეშვიდედ მასპინძლობს.