გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა” ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო

21-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოს საქმიანობასა და ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო.


მიმდინარე წლის რთველის სეზონზე საწარმომ ადგილობრივი მევენახეებისგან 90 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეისყიდა. ღვინის საწარმო „ხვანჭკარა” ყურძნის მიღებას კვლავ აგრძელებს.


„რაჭაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი ყურძნის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაინტერესებას, შეისყიდონ ადგილობრივი მევენახეების მიერ მოწეული ყურძენი. რაჭაში მოქმედი სუბსიდირების პროგრამა კერძო საწარმოებისთვის დამატებითი სტიმულია გადაამუშაონ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ღვინის საწარმოს „ხვანჭკარა“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, საწარმოსთვის ყურძნის ხარისხი პრიორიტეტულია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირება კერძო კომპანიებს ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას უზრდის და მევენახეებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებაში ეხმარება.

საწარმოს წლიური წარმადობა 350 ტონას შეადგენს. ყოველწლიურად აქ საშუალოდ 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში.


რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს და გადაამუშავებს, ხოლო მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.


რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონას შეადგენს.


ღვინის საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.