გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს გრეთელ აგილარს შეხვდა

27-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გენერალურ დირექტორს, გრეთელ აგილარს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და IUCN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებას. საქართველო „წითელი ნუსხის“ განახლებაზე IUCN-ის კატეგორიებისა და კრიტერიუმების შესაბამისად მუშაობს.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებასა და მართვის გაუმჯობესებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტია. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. შედეგად, ქვეყნის დაცული ტერიტორიების რაოდენობა 112-მდე გაიზარდა.


„საქართველოსთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შედეგების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება. მზად ვართ, გავაგრძელოთ IUCN-თან თანამშრომლობა როგორც „წითელი ნუსხის“ განახლების, ისე დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.