28-10-2026
ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილსა და ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების, ჯანმრთელობისა და გარემოს დირექტორატის ხელმძღვანელ რაფაელ ბენიტეზსა და ბერნის კონვენციის გენერალურ მდივან ალესანდრა სიინოს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბერნის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ბერნის კონვენციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, მნიშვნელოვანია კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საქართველო მზად არის, აქტიური წვლილი შეიტანოს ამ მიზნების განხორციელებაში“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება „დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“, რომელიც რაფაელ ბენიტეზმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. აღნიშნა, რომ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, მათ შორის ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების გათვალისწინებით საერთო მაჩვენებელი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 23%-ს აღწევს, რაც ბიომრავალფეროვნების გლობალური მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წინსვლაა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს, მათ შორის სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის დამტკიცებისა და ექვსი სახეობის აღდგენის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების მნიშვნელობას.
ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარე კარლო ამირგულაშვილი, ასევე ბერნის კონვენციის გენერალური მდივანი, CBD-ის სამდივნოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.