22-12-2017
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ პირველ მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები მოინახულა. გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა და უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო.
,,2017 წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ქვემო ქართლის რეგიონში 58 000 000 ლარამდე ღირებულების 400-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განახლდა ცენტრალური და შიდა გზები, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 60–მდე საბავშვო ბაღში, ამჟამად წალკის, მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს 5 ახალი ბაღის მშენებლობა. რეგიონის მასშტაბით რეაბილიტირდა 60–მდე სპორტული ობიექტი. მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა. წყალსადენის გაყვანის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გადაიჭრა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, რომლის დასრულების შემდეგ 5 სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტების რაოდენობა მზარდია. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.