26-04-2019
"ბათუმის წყალი", რომელსაც ბათუმში არდაგანისა და ნურის ტბების მეთვალყურეობა ევალება, ოფიციალურად ეხმაურება შვედეთის ელჩის პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტბა შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან - დაბინძურებული.
"ბათუმის წყლის" განმარტებით, 26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით.
"გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტორმის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებს. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ადგილზე მობილიზდა შპს "ბათუმის წყალის" სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - განმარტავენ უწყებაში.
გარდა ამისა, "ბათუმის წყლის" განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, წერია, რომ არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა.