გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დევნილთა სამინისტროს მოადგილეები იმ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც გორში ბინები ვერ მიიღეს

22-12-2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე, გორში 8 ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ყველა დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. მინისტრის მოადგილე გორში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას დევნილის სტატუსი არ აქვს.
„გორში განხორციელდა უპრეცედენტო მშენებლობა, შიდა ქართლში 8 ათსართულიანი კორპუსი სწორედ იმ დევნილი ოჯახებისთვის აშენდა, რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი საკუთრებაში, ცხოვრობენ ნგრევად ობიექტებში ან კერძო სექტორში, მაგრამ საკუთარი სახლი არ აქვთ. იმისთვის, რომ შევარჩიოთ ასეთი დევნილი ოჯახები, ვატარებთ მონიტორინგს. მონიტორინგის ჯგუფები დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად სწავლობენ და ეს ინფორმაცია განსახილველად გამოდის კომისიაზე. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. ბინების განაწილების პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. ყველა ოჯახს განვიხილავთ ინდივიდუალურად და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ ხარვეზს. შეიძლება არასწორად მივეცით ბინა ოჯახს ან პირიქით, რომელიმე ოჯახს ეკუთვნოდა და არ მივეცით. ამიტომ, ჩამოვდივართ ადგილზე ყოველთვის ყველა რეგიონში, სადაც ბინებს ვანაწილებთ, ვიღებთ ინდივიდუალურად დევნილ ოჯახებს და ვისმენთ მათ პრეტენზიებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ოჯახებთან მიმართებით შეცვლილა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. ამ ოჯახებისგან სწორედ ეს ინფორმაციები გვჭირდება. ჩვენს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, რომ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე დევნილი ოჯახი არასწორად იღებს ბინას და აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და ეს ფაქტი ჩვენთვის არ გახდა ცნობილი, გვჭირდება მათი ინფორმაცია, მათი დახმარება და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ შევცვლით თითოეული ასეთი ოჯახის მიმართ და პირიქითაც.
რაც შეეხება იმ ინციდენტს, რომელიც აქ მოხდა, ადამიანი რომელმაც მიიყენა ფიზიკური დაზიანება არ გახლავთ დევნილი, მისი მეუღლე არის დევნილი. ეს ოჯახი ცხოვრობს ამ არადევნილი პიროვნების მამა-პაპისეულ სახლში, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიყენა. როგორც გითხარით, ჩვენ პირველ რიგში, ისეთ ოჯახებს ვაძლევთ ბინებს, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. რომ მიგვეცა ასეთი ოჯახისთვის ბინა, აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიები ექნებოდათ სხვა დევნილ ოჯახებსაც“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება.