2-05-2019
2 მაისს, 16:00 საათზე რუსთაველების ის ნაწილი, ვინც ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებს, აქციას გამართავს. პროტესტის ამ ფორმაც აქტივისტები უკვე 1 თვეა მიმართავენ და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, ციხე არ აშენდეს.
რუსთავის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტებს და აქციას უერთდებიან.
"ქ.რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქ.რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გ.ჯავახიშვილის სახელობის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელი კორპუსების წინ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის – ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისთვისაც მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს მიმდინარე წლის 02 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს საღამოს 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად სოლიდარობისთვის მობრძანდეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე" - ნათქვამია განცხადებაში.