2-05-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლის დროს, რეფორმებზე საუბრისას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ამ მიმართულებით იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
„მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუმცა ასევე მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ მისი ასე ვთქვათ სიღრმისეული რეფორმირებამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით, ამიტომ ჩვენ მივყვებით გეგმას სასაზღვრო სექტორების მშენებლობის ნაწილში, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაში გვქონდეს. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენი მსგავსი, სუსტი ეკონომიკების პირობებში ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზედ ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა უნდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში, ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო - ნატოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში. იქიდან გამომდინარე რომ, საქართველოს სამხედრო - საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე, ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში“ - გიორგი გახარია.