2-05-2019
20 აპრილიდან 11 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები და კულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეშვიდედ მართავენ "გერმანული ენის თვეს".
მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. ინაციატივის "სამი ქვეყანა - ერთი ენა" ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი.
ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები დაინტერესებულ პირებს ზოგადად სთავაზობენ.
"გერმანული ენის თვის ფარგლებში"კითხვის მოყვარულთათვის გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, საავტორო კითხვა და დისკუსიები.
დაგეგმილია საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში, რომელიც აქცენტს სპორტულ აქტივობაზე გააკეთებს.
სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებების დროს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გერმანული ენის სწავლასთან და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით.
ინიციატივას "სამი ქვეყანა - ერთი ენა" ახორციელებენ გერმანიის, ავსტირიისა და შევიცარიის საელჩოები საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება, გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი სამხრეთ კავკასიაში და ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში.