გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად დაგმო

2-05-2019

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება.

წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, მიღებულ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შემდგომ 10-წლიან პერიოდზე. ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი მუდმივი დაბრკოლებების, მათ შორის ადგილზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო, საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას საკუთარ რეგიონებში.

წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, წელსაც მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ არსებული კონფლიქტი არის ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს შორის.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საქართველოს რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების“ შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია, რაც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ არალეგალურ ქმედებებს, რომელიც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენ არის მიმართული, მათ შორის ე.წ. პასპორტების გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, გადაწყვეტილებაში ეხმაურება იმ დაუსჯელობას, რომელიც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებს და გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას აქტზე“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიკვდილზე.

გადაწყვეტილებაში გამოხატულია შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. მათ შორის აღნიშნულია ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტები, მათ მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების გზით გაიარონ რეგისტრაცია უცხოელი რეზიდენტის სტატუსით, ან/და შეიცვალონ სახელები და ეთნიკური იდენტობა.

დოკუმენტი მკაცრად გმობს, იმ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა 2019 წლის ზამთარში, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, როგორც აფხაზეთის რეგიონში (1 თვით), ასევე ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი (2 თვეზე მეტი ხნით) გამშვები პუნქტების დაკეტვით.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ ვერ ახორციელებენ საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებს ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს. აქვე, გამოხატულია შეშფოთება სოფელ ერედვში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დარღვევითა და მათი კუთვნილი სახლების განადგურების გამო.

დოკუმენტი მკაცრად გმობს სოხუმში, 2019 წლის 4 აპრილს უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაღალი პრიორიტეტულობის აღნიშვნასთან ერთად, გადაწყვეტილებაში გამოთქმულია შეშფოთება გალში, 2018 წლის ივნისის თვიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით.

მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, შექმნას ყველა პირობა საკუთარ სახლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის; შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მიმართ, უცხოელი რეზიდენტის სტატუსით რეგისტრაციისა და სახელის შეცვლის მოთხოვნის ჩათვლით; მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით; დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა; მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებით, შეწყვიტოს პირთა უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით და გახსნას ე.წ. „გამშვები პუნქტები“; უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და შეაჩეროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი პოზიტიურად აფასებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეზე მცხოვრები საზოგადოებების გაერთიანებისკენ მიმართულ, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და მის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და საქართველოს მთავრობის ბოლო პროგრამას - „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.