3-05-2019
საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.
გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს განცადების მიხედვით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევენ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.
"ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს", - ნათქვამია განცხადებაში.