4-05-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიმართა.
სამედიცინო გამოკვლევები ხვალ, 5 მაისს ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჩაუტარდებათ.