5-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო კახეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - ”მსოფლიო რბენა” (Wings for life world Run).
სამინისტროს წარმომადგენლები მარათონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ამავე კამპანიის სლოგანით ბრენდირებული მაისურებით მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორედ მისი პოპულარიზაცის მიზნით ჩაერთნენ უწყების თანამშრომელები აღნიშნულ ღონისძიებაში.
მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. საერთაშორისო მარათონი მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველწლიურად, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის გარდა, საქართველოში მის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ.