6-05-2019
ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურა ხვლედიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმში სულ რვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება. მათგან ორს თავად სააგენტო აღადგენს, ერთს ბათუმის მერია, ხუთს კი „ქართუ ჯგუფი“.
ზაურა ხვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე.
თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა სააგენტოს ამ წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.
„აჭარის მთავრობასა და თავმჯდომარეს ჰქონდათ ინტენსიური მოლაპარაკებები „ქართუ ჯგუფთან“, რომელიც თანახმაა, დახარჯოს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ 500 ათასი ლარი. მიმდინარეობს კონკრეტული ობიექტების შერჩევა იმ ობიექტებიდან, რომლის რესტავრაციის პროექტიც სააგენტოს შესყიდული აქვს. რომელი შენობების რეაბილიტაცია განხორციელდება პირველ რიგში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საუბარია ძველ ბათუმში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“, – განაცხადა ზაურა ხვლედიანმა.