6-05-2019
აფხაზეთში რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ზაზა შარია, "აფხაზურ მილიციას" ფაქტობრივად თვითონ ჩაუვარდა ხელში.
შარია დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასზე რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის ძებნა გამოცხადდა, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
2019 წლის პირველ მაისს, მან აფხაზეთში ჩუმად დაბრუნება მდინარე ენგურის გავლით, საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით გადაწყვიტა. როდესაც შარია ნაპირზე გამოვიდა, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, შემდეგ კი აფხაზეთის მილიციას გადასცეს.
ზაზა შარიას გალის რაიონის პროკურატურა რამდენიმე დანაშაულისთვის ეძებს.
2013 წლის 15 სექტემბერს ის ადგილობრივ ტაქსისტს, რევაზ ახალაიას დაესხა თავს და ფული წაართვა.
ზუსტად ერთი თვეში, იგივე შარია სხვა გალელ ტაქსისტს, ჯოლი ახალაიას გაუსწორდა.
ერთი წლის შემდეგ, შარიამ კიდევ ერთი ყაჩაღური თავდასხმა ჩაიდინა. ამჯერად უკვე გალის რაიონის სოფელ თაგილონში. ის თოფურიების სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს სცემა და 340 ათასი რუბლი (დაახლოებით 5 ათასი დოლარი) წაართვა.
აფხაზური საგამოძიებო ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ შარიას აფხაზეთში მოულოდნელი დაბრუნება, შესაძლოა, ახალ დანაშაულებს უკავშირდებოდეს, რომელიც მან უკვე სხვაგან ჩაიდინა და რომლის გამოც, შესაძლოა, ქართული პოლიცია ეძებს.