გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში, სააკაშვილის დროს ჩამორთმეული საავადმყოფოს შენობა კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება

7-05-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის და უკანონოდ გასამართლებული დაზარალებული მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესს განაგრძობს. დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად, დაზარალებულად იქნა ცნობილი კომპანია, რომელსაც ზუგდიდში საავადმყოფოს შენობა ჩამოართვეს. ასევე, გადაისინჯება ორი მსჯავრდებულის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდეგაც დაზარალებულები უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას შეძლებენ.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსს“ საკუთრებაში გააჩნდა ზუგდიდში ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მდებარე საავადმყოფოს შენობა, რომელიც 2007 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა.


ქონების ჩამორთმევის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში დაიბარეს საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის აქციონერი დაზმირ ცანავა, რომელსაც დაკავების მუქარით სთხოვდნენ ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობას. მას შემდეგ, რაც პროკურატურის მუქარამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, რასაც დაზმირ ცანავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა, საგანგებოდ მოწვეულ იქნა აქციონერთა კრება, სადაც მიღებული გადაწყვეტილებით საავადმყოფო ჩუქების გზით გადასცეს სახელმწიფოს.


შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა დაზარალებულად ცნობს სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსს“ და მის წარმომადგენელს, რის საფუძველზეც ისინი შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით დაიბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას.


რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. 2012 წლის 19 მარტის განაჩენით მოქალაქე გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე ცნობილ იქნენ დამნაშავედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2004 წელს,სასამართლოში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვისას, მათ სასამართლოს თითქოსდა დაუმალეს იურიდიული ფაქტი, რომ მიწა საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში ირიცხებოდა, ამ გზით გია ჭანჭალეიშვილი დაეუფლა თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 450 კვ.მ., ხოლო რომან ჩხაიძე 114 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს.


სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ მსჯავრდებულების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საქართველოს რკინიგზის საკუთრებასა და გასხვისების ზოლში არ ყოფილა და შესაბამისად სასამართლოს შეცდომაში შეყვანას მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.


პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გია ჭანჭალეიშვილის და რომან ჩხაიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებულები დაიბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს.


ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 67 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 57 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 255 მოქალაქეს დაუბრუნდა 50 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.