გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ნივრის პროგრამა“ ჩავარდა – სანაცვლოდ ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესასხურებელ აპარატებს შეიძენენ

9-11-2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიმდინარე წელს „ნივრის პროგრამას“ ვეღარ განახორციელებს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ არშემდგარ და შეწყვეტილ ტენდერებს ასახელებს. ცენტრის  მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად, სექტემბერში გამოცხადებული ბოლო, მესამე ტენდერიც შეწყდა. სატენდერო თანხა 624 000 ლარი იყო.

ცენტრის დირექტორი  ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის „მსოფლიო ტექნიკის“ მიერ ბოლო ტენდერის შედეგების საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომისიას შედეგების გადასინჯვის რეკომენდაცია მისცა; ხელახალმა გადამოწმებამ კი პროცესი დროში გაწელა, აგროვადებიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იყო, რის გამოც ცენტრმა ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა.

„გასაჩივრების პროცედურებმა დიდი დრო წაიღო, ბენეფიციარები, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ პროგრამით ესარგებლათ, ნივრის  დათესვას ძირითადად მთებში [ბეშუმში, ჩირუხში] აპირებდნენ. რადგანაც მთაში მოთოვა, პროგრამის განხორციელება აგროვადებიდან გამომდინარე შეუძლებელი ხდებოდა და ტნდერი შევწყვიტეთ. ამინდიდან გამომდინარე რისკი იმისა, რომ ფერმერებს სათესლე მასალა არ წაეღოთ, დიდი იყო“ – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

„აგროპროექტების მართვის ცენტრი“ ნივრის შესაძენად გათვალისწინებული 624 000 ლარის გამოყენებას ახლა ფაროსანასთან საბრძოლველად გამოყენებას გეგმავს. ცვენტრში განმარტავენ, რომ თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პროგრამულ ცვლილებაზე თანხმობას მიიღებენ, ნივრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხით, ძრავაზე მომუშავე 310 ცალ შესასხურებელ აპარატებს შეისყიდიან და თანადაფინასებით, ფერმერებს დაურიგებენ.

„ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მცენარეების ქიმიური დამუშავება, ხელის შემშლელი ფაქტორი კი რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური საშუალებების ნაკლებობაა.  აქედან გამომდინარე ვამუშავებთ პროექტს და პროგრამულ ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროსგან ნებართვას მივიღებთ, ნივრის შესაძენად გამოყოფილი თანხით, ელექტრონული ტენდერით შემასხურებელი აპარატის შეძენას ვგეგმავთ“ – ამბობს ცენტრის დირექტორი.

ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, ძრავაზე მომუშავე შესახურებელი აპარატის სავარაუდო ღირებულება 1800 – 1900 ლარია. პროგრამის განხორციელებისას კი  ფერმერი მისი ღირებულების 20% – ს გადაიხდის, თუმცა შესასხურებელი აპარატის ფასი, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული და მისი საბოლოო ფასი უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული ღირებულებიდან განისაზღვრება.

„აპარატების შეძენა არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. ბაზარი შესწავლილია. წინა წელს, როდესაც მსგავსი პროგრამა განვახორციელეთ აპარატებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა  იყო. აქვე მნიშვნელოვანია, ისიც რომ, ადრე გაზაფხულზე მავნებელთან ბრძოლას ერთგვარად მომზადებული დავხვდებით. რაც შეეხება ნივრის სათესლე მასალას, 24 ტონა ნივრის შეძენა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული გვაქვს“ – ამბობს ჯამბულ აბულაძე.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"