10-05-2019
სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში მეორე საჯარო სკოლიდან ინტოქსიკაციით გადაყვანილი მოზარდები მოინახულა.
დილიდანვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეები მოინახულეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ.
,,ბავშვთა საავადმყოფოში 24-მდე მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით იქნა შემოყვანილი. მათგან, ამ ეტაპზე, აქ მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება. ბავშვების შემოყვანისთანავე, ზუგდიდან ექიმ-ტოქსიკოლოგი ოპერატიულად იქნა გამოძახებული. პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ" , - აღნიშნა შპს ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს" მთავარმა ექიმმა, ლუარა დგებუაძემ.
ამ დროისთვის, ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება, სხვა პაციენტებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს. თუ რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი, დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.