9-11-2017
ახალციხეში, გურამიშვილის ქუჩაზე, კანალიზაციის დაზიანებული მილიდან პერიოდულად ფეკალური მასა ამოდის. ისტორიული სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიიდან კანალიზაცია რაბათის უბნის შესასვლელვამდე ჩადის.
ადგილობრივების თქმით, მილი სამი თვის წინ დაზიანდა. მას შემდეგ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ არა ერთხელ მიმართეს, თუმცა, პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.
„ცხელ ხაზზეც დავრეკეთ, წყლის კომპანიაშიც ვიყავით, რამდენჯერმე მოვიდნენ, დაუბერეს მილებს, ორი დღე გაძლო და ისევ გაჭედა მერე. ამას ერთჯერადი გაწმენდა კი არ უნდა, მილებია შესაცვლელი“, – ამბობს გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ბერიძე.
მის მეზობლად მცხოვრებლები ამბობენ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე ასფალტი ორი წლის წინ დაიგო. ისეც ავარიული მილები კი მშენებლობის დროს კიდევ უფრო დაზიანდა.
„მივმართეთ მაშინვე წყლის კომპანიას, რომ მილები შეეცვალათ, ჩვენც ვთავაზობდით ფინანსურად თანამონაწილეობას. მაგრამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინიეს. მერე მერიამ აქ გზა გააკეთა, ამ დამტვრეულ მილებს ასფალტი გადააფარეს“, – ამბობს შუშანა კაჭკაჭაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ პერიოდულად მილიდან ფეკალური მასა ამოდის. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გააქტიურდა: „გზაზე ხომ ვერ გაივლი და ეზოებშიც დაწყო კანალიზაციამ ამოსვლა. ხან ვისთან ამოდის და ხან ვისთან“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გარეთ ანტისანიტარიის გამო ბავშვების გამოშვება არ უნდათ. აქ მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინაა აუტანელი, როცა მზე აჭერს და თბილა. თუმცა, ისევე როგორც სიცხის, ყინვისაც ეშინიათ: „თუ დაყინა მერე კიდევ უფრო გართულდება ყველაფერი. სახლებში ამოგვივა კანალიზაცია. იქნებ მანამდე მოგვხედოს ვინმემ“.
გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილები შესაცვლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიულ უბანში პრობლემა ვერ მოგვარდება.
„დღის განმავლობაში უამრავი ტურისტი გადის ამ გზას. რა ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, როცა კაცი გზაზე ვერ გაივლის. გვითხრან ჩვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო და გავაკეთებთ. თუ ფულის დადებაა საჭირო, დავდებთ, ან ტექნიკა მაინც დაგვახმარონ“, – აცხადებს ანა რაზმახოვა.
„გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემის შესახებ მათთან არა ერთი შეტყობინებაა შესული.
„ყველა გამოძახებაზე გასულია მანქანა და წმენდენ. მანდ მილები შესაცვლელი არაა, კანალიზაცია იმიტომ იჭედება, რომ თვითონ მოსახლეობა ყრის შიგ მყარ ნარჩენებს“, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და ამატებენ, რომ ამ ეტაპზე დასახლებაში მილები შესაცვლელი არაა.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"