გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ე.წ. ქუჩური გარჩევა დასჯადი გახდება

13-05-2019

პარლამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„როდესაც, 2018 წლის დაჭრების, ჯანმრთელობის დაზიანებების სტატისტიკას გადავხედეთ, აღმოვაჩინეთ რომ, მათ გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ კრიმინალიზირებული არ არის. არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც ასი პროცენტით უპასუხებს ამ გამოწვევას. გვაქვს გარკვეული მუხლები - მუქარა ისჯება, იძულება ისჯება, თუმცა, ამ საკითხის პირდაპირი მარეგულირებელი არ გაგვაჩნია, ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ ფონზე, რომ ჩვენ პარლამენტის მხარდამჭერით ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გადავწყვიტეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ეს ხაზი გაგვეგრძელებინა. „ქუჩური გარჩევების“ მარეგულირებელი კანონმდებლობა გახლავთ ამ ხაზის ერთგვარი გაგრძელება, რომელიც არის დამყარებული, მათ შორის იმ პრაქტიკაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. სამასამდე შემთხვევა გამოვავლინეთ, როცა დაჭრების გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევა“. ჩვენ, რომ ეს კანონი გვქონოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრეულ ეტაპზე გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარი შემთხვევები თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის, ვიცით, რომ ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება. ერთ-ერთ კომიტეტზე მაგალითად მოვიტანე ეს ტრაგიკული შემთხვევა. ამ შემთხვევის გარდა, პრაქტიკაში არსებობს კიდევ სხვა შემთხვევები, სადაც გარკვეულ დანაშაულებს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევები“ და საბედნიეროდ, არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც „ქუჩური გარჩევები“ არ გადაზრდილა მძიმე დანაშაულში. საუბარია იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ქმედების დასჯა იმისთვის, რომ უფრო მძიმე შედეგები ავირიდოთ თავიდან. მაგ: დავსაჯოთ „ქუჩური გარჩევა“ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მკვლელობების მცდელობა, რომელიც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. აქ იგულისხმება, რომ ისჯება შეკრებებში მონაწილეობა. ამ შეკრებებს უკანონოდ აქცევს ის მეთოდები, რომლის გამოყენებაც შეკრების დროს მოხდება, შეკრებაში მონაწილე პირების მხრიდან. საუბარია ძალადობაზე, იძულებაზე, ძალადობის და იძულების მუქარაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარაზე, ეს ქმედება დაისჯება როგორც ჯარიმით, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. გარკვეული დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში სანქციები იქნება გაცილებით უფრო მკაცრი“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.