გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

25-12-2017

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს.

„მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ჩამოიშალა მიწა, გზის გაწმენდის წინააღმდეგი წავიდა. დღეს შევხვდები მოქალაქეს, გავიგებ მისი წინააღმდეგობის მიზეზს და შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდა,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

საციხურის თემის [რომლის ადმინისტრაციულ შემადგენლობაშია სოფელი პანტნარი] რწმუნებულის, ბეჟან ბოლქვაძის თქმით, ოჯახი ფიქრობს, რომ მიწის მასის გაწმენდა მეწყრის განმეორებას გამოიწვევს, რითაც შესაძლოა საცხოვრებელ სახლს შეექმნას საფრთხე და ამიტომ წავიდა წინააღმდეგი.

რწმუნებულის თქმით, მეწყერმა, რომელიც ბეჟან ფარსენაძის საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით 100 მეტრში განვითარდა და 40-კომლიან სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა, ფარსენაძეების საცხოვრებელი სახლის მცირე დაბზარვა გამოიწვია. „ფარსენაძეებმა საცხოვრებელი სახლი გასულ წელს ააშენეს, პირველი სართული ქვაა, მეორე სართული – ხე.  საცხოვრებელ სახლებზე ბზარები შეინიშნება,“ – ამბობს რწმუნებული.

ბეჟან ბოლქვაძის თქმით, პანტნარში 40 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივი მცხოვრები 30-მდე ოჯახია.

გაზეთი "ბათუმელები"