16-05-2019
საჩხერე-ქვემო ხევი-უზუმთას საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს (ლოტი VI). სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფ. უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფ. ბოყვაში და მთავრდება სოფ. კვაშხიეთში. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20 888 888 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.
ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური- ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.
ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველ ლოტის 2.5 კმ-ზე სამუშაოები დარსულებულია, ხოლო მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ მოანკევთებს, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.