გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერ-მინისტრი: კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მილიონი ლარია

17-05-2019

"გოდერძის კურორტს გენერალური გეგმის შესაბამისად ისე განვავითარებთ, რომ ის აუცილებლად გახდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კურორტ გოდერძიზე, საინვესტიციო პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასტუმროების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამასთან ერთად, იგეგმება ახალი საბაგიროს დაპროექტება და ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა.


"კურორტს აქვს უნიკალური პოტენციალი. ჩვენი მთა, ჩვენი ბუნება ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ნებისმიერი კურორტის მდგრადი განვითარება უზრუნველვყოთ. ამ თვალსაზრისით სხვა კურორტებზე შეცდომები იქნა დაშვებული და ჩვენ იგივე არ უნდა გავიმეოროთ. უკვე არსებობს განვითარების გენერალური გეგმა, რაც არის იმის წინაპირობა, რომ კურორტ გოდერძის ჩვენ განვავითარებთ ისე, რომ ის გახდება აუცილებლად საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტი. სასტუმროების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, ამასთან ერთად, იგეგმება ახალი საბაგიროს დაპროექტება. გოდერძის კურორტზე ჩვენ გვჭირდება მეტი საბაგირო და ძირითადი ინფრასტრუქტურა. უნდა გამოვყოთ საავტომობილო გზა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი და ის სცილდება მხოლოდ რეგიონულ მნიშვნელობას. გზის გაყვანა სულ სხვა სიცოცხლეს და ენერგიას შემოიტანს ამ კუთხეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კურორტის გაზიფიცირებაა. მთავრობის მეთაურის დავალებით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და კურორტ გოდერძიზე ბუნებრივი აირის შეყვანა ნოემბრისთვის იგეგმება.


მამუკა ბახტაძე კურორტზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს დეტალურად გაეცნო და ინვესტორებს შეხვდა.


ამ ეტაპზე, კურორტზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მილიონი ლარია. შედეგად კურორტს განთავსების 1 300 ადგილი შეემატება და 1 000 ადამიანი დასაქმდება. საინვესტიციო პროექტებს შორისაა სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომლის ჯამური ინვესტიცია 30 მილიონ ლარს შეადგენს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება. ასევე დაწყებულია მუშაობა გოდერძის მიმდებარე ტერიტორიების - ბუფერული ზონის განვითარების დოკუმენტზე, რაც სამომავლოდ ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მიმდინარეობს ასევე მწვანე ტბის განვითარება - ტენდერით შერჩეულია სამშენებლო კომპანია, რომელიც მწვანე ტბის ტერიტორიას კეთილმოაწყობს. უკვე სრულდება ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის გასწვრივ საპიკნიკე ადგილების მოწყობა.


გარდა ამისა, დაგეგმილია კურორტ ბეშუმის განვითარება. უკვე დაწყებულია სამუშაო პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად. ასევე, დაგეგმილია ბეშუმთან ახლოს, უძველეს ნასახლარ ადგილებზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.


მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო პროექტები მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.