23-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.
გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.