25-05-2019
ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის წესები და მათი სწორად გამოყენება, ქალთა უფლებები დღეს და საიდან იწყება საქართველოში ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერება და ეროვნული საგანძური, თანამედროვე ხელოვანები შიდა ქართლიდან - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც გააზიარებს ცოდნას იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. უწყება 26 მაისს ქალაქ გორში მასშტაბური სანახაობით აღნიშნავს. წლევანდელი საზეიმო ღონისძიების სლოგანი „გააზიარე ცოდნაა“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრო გორელებსა და ქალაქის სტუმრებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. ამიტომ საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს უწყება უვიზო მიმოსვლის შესახებ გაუზიარებს ცოდნას. გორის მთავარი მოედანი ერთი დღით უზარმაზარ იმიტირებულ აეროპორტად გადაიქცევა. ვიზალიბერალიზაციის პავილიონის სტუმრები გაიგებენ დეტალებს უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეძლებენ, გაიარონ „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდონ ბარგს“, თავად შეარჩიონ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე, ისარგებლონ მემოგრამით და „გადაიღონ“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე.
იუსტიციის სამინისტრო, როგორც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი, ღონისძიების მონაწილეებს ცოდნას გაუზიარებს საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებაც. გორი ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი ქალაქია, სწორედ აქ, 1913 წელს შეიქმნა ქალთა პირველი მოძრაობა, საზოგადოება „მანდილოსანი“. საზოგადოების დამაარსებლები იყვნენ ანა ამილახვარი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ოლღა გოგლაჩიძე, თინათინ ჯავროვი, ანა მაისურაძე, მარიამ ელიოზაშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი, ანასტასია კაპანაძე და სხვები. მათი მიზანი გორში მცხოვრები გაჭირვებული ქალების დახმარება იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისის გამოჩენილ ქართველ ქალთა გასახსენებლად, 26 მაისის ღონისძიებას არტ-კაფე „მანდილოსანი“ უმასპინძლებს, კოსტიუმები და შექმნილი ატმოსფერო კაფის სტუმრებს გასული საუკუნის დასაწყისში მოგზაურობის საშუალებას და, ამავე დროს, თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.
ქართული ანიმაცისა და შესანიშნავ ქართულ კინოდოკუმენტალისტიკას გააზიარებს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. მოეწყობა ღია კინოთეატრი დეკორატიული კინოფირის ფორმატში, სადაც მთელი დღის განმავლობაში, პერიოდულად ეკრანზე გავა იუსტიციის არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები. კინოთეატრის ზონაში წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ფოტოგამოფენა.
საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს კიდევ არაერთი სიურპრიზი ელით. მოეწყობა მებაღეობისა და ხელნაკეთი ნივთების ფესტივალი, სადაც გორელები და ქალაქის სტუმრები ყველის ასორტის, ჩირეულის, თაფლისა და სხვადასხვა სახეობის ღვინის როგორც დეგუსტაციას, ასევე შეძენას შეძლებენ.
იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ მხიარულებას ჰპირდება დამოუკიდებლობის დღესასწაულის ყველაზე პატარა მონაწილეებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერება იქნება. ჰიმნი ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 17:10 წუთზე შესრულდება და მას გორის ქალთა კაპელა შეასრულებს. ეროვნული ჰიმნი გორში ჟესტების ენის თანხლებით აჟღერდება.