26-05-2019
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.
მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 26 მაისი ეს ის დღეა როდესაც თავისუფლებას ყველაზე მეტად ვგრძნობთ. სწორედ ამიტომ, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ეს დღე ჩვენია, ისევე როგორც ის ისტორია, რომელიც აქამდე ღირსეულად მოვიტანეთ.
„შემთხვევითი არ არის რომ წლევანდელი 26 მაისი ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველა მოქალაქეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. დღეს საქართველოს მომავალს ქმნით თქვენ, ის ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შრომითა და ცოდნით აღწევთ წარმატებას. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!", - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარნეულში, ცენტრალური მოედნის მიმდებარედ საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებით-გასართობი და სპორტული აქტივობები მიმდინარეობს. ხოლო დღის ბოლოს ადგილობრივი ანსამბლებისა და ცნობილი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნენ საგამოფენო სტენდს, რომელიც ქართველი ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისა და მათი საქმიანობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს. ამასთანავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენებს.
წარმოდგენილია ასევე ადგილობრივი კულტურის ცენტრისა და სოფლის სათემო სახლების ბავშვთა ხელნაკეთი ნამუშევრები. კულტურის ცენტრის სკვერში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე ღია კინოჩვენებებისთვის და აქტივობები ბავშვებისთვის, რომელთა ფარგლებში ბავშვებს ქართული ანბანის აწყობისა და საქართველოს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.
მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გაიმართება თეატრალური დადგმა ,,ფაქტები და შედეგები“, რომელშიც ნაჩვენები იქნება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები 1918 წლიდან დღემდე. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ მოწყობილია ბიბლიოთეკის კუთხე, სადაც წარმოდგენილია წიგნები ისტორიული პიროვნებების შესახებ.
ღონისძიების საზეიმო აღნიშვნა, რომელიც ჩოხოსანთა გუნდის ,,აღსავალისა“ და შაბან მამედოვის მიერ საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო, გალა კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ,,მგზავრები“, თეატრალური კვარტეტი, ადგილობრივი ანსამბლები და სხვა.