28-05-2019
"სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული" , - ამის შესახებ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„დასრულდა 11-დღიანი დაძაბული და ემოციური დღეები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გაფიცულ მაღაროელს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არ დაუშვეს არც ერთი პროვოკაციური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი - თუ სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი მიიყვანა უკიდურეს ფორმამდე- შიმშილობამდე. ვფიქრობ, დასაფიქრებელია ეს მოვლენა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს, რომ მშრომელ მაღაროელებს ჰქონდეთ უკეთესი შრომის პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შრომის ანაზღაურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი სისხლის გადასხმაცშეიძლება იყოს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი განვითარების დინამიურ პროცესს“, - განაცხადა მახათაძემ.