28-05-2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ.
ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ამჟამად, არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2018-2020 წლებია.