26-12-2017
შოტლანდიაში, ქალაქ კილმარნოკში აფხაზთა ხსოვნის მემორიალი უცვლელად დააბრუნეს. ამის შესახებ ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მონუმენტი იმავე ადგილზე, უცვლელი სახით დაბრუნდა. არ შეიძლება ითამაშო ისეთი რაღაცით, რასაც ადამიანების მეხსიერება ჰქვია. ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სადაც განაცხადეს, რომ მემორიალი თავის ადგილზე დაბრუნდა“ - განაცხადა კოვემ.
ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი ნოემბერში დააყენა. შოტლანდიის მთავრობასთან გამართულ კონსულტაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა. მემორიალის დემონტაჟი 10 ნოემბერს მოხდა. მემორიალის აღებას აფხაზური მხარის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული მხარის ნაბიჯები შეფასდა „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობა და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობა“.
წყარო: newposts