4-06-2019
ბათუმში, შერატონის წინ, სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ეს წელს, მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე 61-ე შემთხვევაა.
ასოციაცია ''ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე, არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით მსგავსი შემთხვევები გახშირდა.
''ჯერ-ჯერობით მიზეზებზე საუბარი რთული არის, რადგან ეს საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას და ანალიზს. გასული წლის სტატისტიკას თუ შევადარებთ, მოცემულ პერიოდში გამორიყვების მაჩვენებელი გაზრდილია. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო, სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე უკვე 61 შემთხვევაა ფიქსირებული. რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთს, იქ რა თქმა უნდა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ გარემოს დაცვით აქტივისტებთან კომუნიკაციით ვიცით, რომ იქაც საგრძნობლად გაზრდილია, დაახლოებით 30 ფაქტია'' - განაცხადა გუჩმანიძემ.
ძუძუმწოვრების გამორიყვის ოთხი მიზეზი არსებობს: ბიოლოგიური სიკვდილი, თევზსაჭერ ბადეებში გახლართვა, ნავიგაციური ტრავმა და ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, გამორიყვების 90%-ზე მეტი ტოქსიკო პათოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება.
''გამორიყვები, რომელიც დაკავშირებულია ინფექციებთან და დაბინძურებებთან. კონკრეტულად რა დაფინძურების ფაქტორი ან ინფექციაა ამ ტიპის კვლევის განხორციელება აუცილებელია. იქედან გამომდინარე, რომ ეს ფაქტები რისკის შემცველია'' - განაცხადა ასოციაცია ''ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ.
არჩილ გუჩმანიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მკვდარი ძუძუმწოვრების გამორიყვის შემთხვევაში მასთან კონტაქტს მოერიდონ. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა კი მკვდარი დელფინი სანაპიროს დროულად მოაცილონ და დადგენილი წესით გააუვნებელყონ.