7-06-2019
შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ მონიავასთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო.
5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა.
აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს.
ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან.
ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა–მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.