27-12-2017
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ კომენტარი გააკეთონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადებაზე, ჟენევის დისკუსიების წარმომადგენლობითი დონის ამაღლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმ შემთხვევაში, თუ ქართული ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრს ჩართავს, იმედია, ეს ადამიანი ადგილზე შეძლებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნა კოვემ.
სოხუმში თვლიან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჟენევის დისკუსიებში ჩართვამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს პროცესების დაჩქარებაზე.
„თუმცა, ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ქართული მხარის მზაობას, ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილებები“, - დასძინა აფხაზმა დიპლომატმა.
პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან 20 დეკემბერს პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია გარკვეული ძვრები განხორციელდეს, თუმცა რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების მორიგი 35 - ე რაუნდი 2018 წლის 22-23 მარტს გაიმართება.
წყარო: რადიო "ათინათი"